სახელმწიფო სექტორში მუშაობა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, - ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კერძო სექტორიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
ხოჯევანიშვილის განმარტებით, კერძო სექტორში მუშაობის დროს, მას უკეთესი ანაზღაურება ჰქონდა. რეგიონის პირველი პირის თანამდებობის დაკავებაზე დათანხმებას კი იმით ხსნის, რომ მისთვის შიდა ქართლის რეგიონი სულ ერთი არ არის.
,,სახელმწიფო სექტორში მუშაობა დიდი პატივი და ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. კერძო სექტორი საშუალებას აძლევს ადამიანს ჰქონდეს შედარებით მეტი შემოსავალი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩემთვის შიდა ქართლი და გორი სულ ერთი არ არის. მომეცა საშუალება რეგიონისთვის სასიკეთი საქმიანობა განმეხორციელებინა და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი.“ - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
ამავე გადაცემაში რწმუნებულმა ვრცლად ისაუბრა რეგიონის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივებზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ქართლის გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე რეგიონის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები, რომლის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
გიორგი ხოჯევანიშვილის განმარტებით, ყველა პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება, მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.