მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა-2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთს უკავშირდება და არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვიცით, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია მოკლევადიან პერსპექტივაში, შეიძლება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა გვჯერა, რომ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერითა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით საბოლოოდ ჩვენი მთავარი ეროვნული პრობლემა გადაწყდება. ახლა ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელმაც ჩვენი დასავლელი მეგობრების ფართო მხარდაჭერა ჰპოვა. ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობისა და უსაფრთხოების სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.