კარდიოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი პირველია იმ ჩამონათვალს შორის, რაც უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში მედიცინის ეს სფერო საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ჩვენი კარდიოლოგები მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ექიმი-კარდიოლოგი - შალვა თვალჭრელიძე, იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარი პროფესიის დიდი სიყვარულით, ცოდნითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, პაციენტების ნდობის, სიყვარულისა და აღიარების მოპოვება შეძლო. ამბობენ, რომ გულს გულით მკურნალობს და ამიტომაც, მასთან მოხვედისას მშვიდად შეგიძლიათ ანდოთ თავი ექიმს.
შალვა თვალჭრელიძე: თბილისში დავიბადე და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტში ჩავაბარე, სწავლის დამთავრების შემდეგაც სამკურნალო დარგით გავაგრძელე კარდიოლოგად მუშაობა. იყო ასეთი სახელმწიფო დაწესებულება „სამკურნალო კომბინატი“, სადაც დავიწყე ჩემი სამედიცინო კარიერა.
-საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება როდის გადაწყვიტეთ?
-დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე აღნიშნულ კლინიკაში და შემდეგ წავედი ავსტრიაში, ქალაქ ლინცში, სადაც უკვე დავეუფლე იმ პროფესიას, რასაც დღეს ვემსახურები-ინტერვენციულ-ინვაზიურ კარდიოლოგიას. შემდგომ წლებშიც პროფესორ მერაბ მამაცაშვილის წყალობით გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა ავსტრიელებთან და მეც მიწევდა პერიოდულად ჩასვლა. მოგვიანებით უკვე ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პროფესიონალად და დაახლოებით 17 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები საქართველოში. ვარ „ღია გულში“ და უკვე მეთერთმეტე წელია, რაც პარალელურად ვმოღვაწეობ საჩხერის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც არის ძალიან კარგი კარდიოლოგიური განყოფილება და ვაკეთებ იგივე საქმეს, რასაც - ღია გულში. გახლავართ ინვაზიური კარდიოლოგი, რაც გულისხმობს გულის მკვებავი სისხლძარღვების დათვალიერებას (კორონაროგრაფიას) და საჭიროების შემთხვევაში მათ გაფართოებას მიკროპროტეზის საშუალებით (სტენტირებას).
- რამდენად განვითარდა კარდიოლოგია საქართველოში?
-სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა კარდიოლოგია საქართველოში. ჩვენი კარდიოლოგები მსოფლიოს წამყან კლინიკებში მუშაობენ და გადიან სტაჟირებებს, გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკებიდან ჩამოდიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებთან პროფესიული ურთიერთობები ძალიან გვეხმარება.
-რას ემსახურება თქვენი სამსახური?
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ერთ-ერთი პირველი გამომწვევი მიზეზია მსოფლიოში სიკვდილიანობის მხრივ და ჩვენი სამსახური ემსახურება სწორედ იმას, რომ კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში პაციენტისთვის ეს სერვისი იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი ექიმები ძალიან წარმატებით უზრუნველყოფენ ამას.
-ვიცით რომ არის უბნები, სადაც უჭირთ ჩვენი კარდიოლოგების ნაწილს სტენტირების ჩატარება, თქვენ სწორედ ამითაც გამოირჩევით, რომ ასეთი სირთულეები არ გაბრკოლებთ
-ეს ყველაფერი მოდის წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნიდან და გამოცდილებიდან, საბედნიეროდ, დღეს ვახერხებთ, რომ რთულად მისადგომი ადგილებიც ავითვისოთ.
-რამდენად ხშირად გაქვთ საქმე გართულებებთან და რა არის საჭირო ასეთ დროს ექიმის მხრიდან?
-ძალიან იშვიათად, მაგრამ ყოფილა გართულებული სიტუაციები. მთავარია, რით უშველი ამ გართულებას და ექიმის პროფესიონალიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება. შენ უნდა შეგეძლოს კრიზისის მენეჯმენტი და პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრა.
-რა იტყვით მკურნალობის ინვაზიურ მეთოდებზე?
-ინვაზიური მეთოდებით იცვლება სარქველი და ა.შ, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირადღირებული პროცედურები და ფასიდან გამომდინარე, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის მასიურად დანერგილი.
არის გარკვეული პროგრამები, ჯანდაცვის სამინისტროც გვეხმარება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინერგება. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ეხმარება, როგორც პაციენტს, ასევე ექიმს.
-რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ალბათ, საქმის სიყვარულს და შრომისმოყვარეობას მოაქვს წარმატება.
-რას ისურვებდით სამომავლოდ?
-მინდა, კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ და დაინერგოს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რაც ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დანერგილი.
ანა კანდელაკი