მოკლევადიან პერიოდში ევროკავშირის ბაზარზე ქართული მანდარინის ექსპორტის ზრდას ექსპერტები არ ელიან. მიზეზი მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლში არსებული გამოწვევებია, - ასეთია მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შედეგი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით PMCG -იმ მოამზადა.
კვლევამ გამოკვეთა, რომ აჭარის მანდარინის პლანტაციების დაახლოებით 40% გადაბერებულია ან დაავადებულია და საჭიროებს ჩანაცვლებას. ფერმერების არასათანადო ცოდნის და ფინანსებზე ნაკლებობის გამო, არ ხდება სრული აგროტექნოლოგიური ციკლის დაცვა, რაც იწვევს საჰექტარო მოსავლიანობის დაბალ დონეს (დაახლოებით 10 ტ.) და ასევე მიღებულ მოსავალში არასტანდარტული მანდარინის მაღალ მაჩვენებელს (დაახლოებით 20%).
რეგიონში ძალიან მცირეა მანდარინის საადრეო ჯიშები, რაც მოსავლის აღების სეზონის გახანგრძლივებას და შესაბამისად უფრო მაღალ ფასსა და შემოსავლების მიღებას ვერ უზრუნველყოფს.
რთულია ვითარება არსებული შემგროვებელი პუნქტების და სამაცივრეების სეგმენტშიც, რომელთა ხარისხიც თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება.
საექსპორტო ბაზრებიც ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მაღალი რისკის შემცველ ბაზრებზე მოდის მთლიანი ექსპორტის 90%-ზე მეტი (რუსეთი და უკრაინა).
ტრადიციული ბაზრების გარდა, ვერ ხერხდება ახალი, უფრო სტაბილური და მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზრების ათვისება.
„ამ ყველაფრის ფონზე, რთულდება ევროკავშირის ბაზრის ათვისება. გასულ წელს მხოლოდ სატესტო რაოდენობის მანდარინი გავიდა ევროკავშირის ორ ქვეყანაში, 20 ტონა პოლონეთში და 3 ტონა ლიტვაში. აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოხმარებული მანდარინის ჯიში (კლემენტინი) განსხვავდება იმ ჯიშისგან რაც გავრცელებულია საქართველოში (საცუმა), კერძოდ კი ევროპელი მომხმარებელი მიჩვეულია შედარებით უფრო ტკბილი გემოს მქონე მანდარინს, მაშინ როცა ქართული მანდარინს შედარებით უფრო მომჟავო გემო დაკრავს. მეორეს მხრივ, ქართულ მანდარინში ნაკლები შაქრის შემცველობა, შესაძლოა უფრო მიმზიდველი გახდეს ევროპელი მომხმარებლისათვის, თუმცა ამას მთელირიგი ღონისძიებების გატარება დაჭირდება, სანამ მოხდება ევროპელი მომხარებლის დარწმუნება და გემოვნების ცვლილება“, - აღნიშნულია კვლევაში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმით, არის შესაძლებლობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, მოხდეს ევროპულ ბაზარზე ქართული მანდარინის საექსპორტო პოტენციალის რეალიზება.
აღსანიშნავია, რომ FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა.
2016 წლის მონაცემებით საქართველოში 60 ათასი ტონა მანდარინი იწარმოა, ხოლო ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში.