ბოლო წლებში საქართველომ აქტიურად დაიწყო მანდარინის კონცენტრანტის ექსპორტი, რასაც შესაძლოა დიდი პერსპექტივაც ჰქონდეს.
ევროკავშირის დაფინანსებით PMCG -ის მიერ მომზადებულმა მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანა წელიწადში საშუალოდ 700 ტონაზე მეტი მანდარინის კონცენტრატის ექსპორტს ახორციელებს, რაც დაახლოებით ერთი მილიონი აშშ დოლარის ღირებულებას წარმოადგენს.

მანდარინის კონცენტრატის ძირითად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე ბაზრები, როგორიცაა მაგალითად ისრაელი და იაპონია, რომელთაც ქართული მანდარინის კონცენტრატის ექსპორტის 75% უკავიათ. საექსპორტო ქვეყნებში ასევე არიან საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, რუსეთი და უკრაინა.

რაც შეეხება კონცენტრატის საშუალო ფასს, ის ერთ ტონაზე დაახლოებით 1400-1500 აშშ დოლარს შორის მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ მანდარინის კონცენტრატის შენახვის ხანგრძლივობა შედარებით ხანგრძივია (დაახლოებით 2 წელი ინახება სამაცივრე პირობებში) ვიდრე მანდარინის ნაყოფის, ამიტომ მისი საექსპორტო ბაზრებისათვის მიწოდება თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხდება.