ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის მინისტრ ალესანდრე ჟმაილოვს საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსზე სოსლან სანაკოევზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, ჟმაილოვი ეჭვმიტანილია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის 293 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საქმისადმი გულგრილობას გულისხმობს.
"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეკონომიკის მინისტრი თავის მოვალეობას არადამაკმაყოფილებლად ასრულებდა. მისი დაუდევრობის გამო კი ბიუჯეტმა 30 მილიონი რუბლით იზარალა", - განაცხადა სანაკოევმა.
მისივე თქმით, გამოძიების მასალები ე.წ. გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აღიძრას თუ არა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
სანაკოევის ინფორმაციით, სეპარატისტთა ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია სამი თვის წინ დატოვა და სამუშაო ადგილზე დღემდე არ გამოჩენილა.