საქართველოსა და მექსიკის საგარეო უწყებებს შორის გამართულ პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მექსიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხები განიხილეს.
მხარეებს შორის შეხვედრა მექსიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა, სადაც ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან დავითულიანი ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორების დონეზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორს ოთარ ბერძენიშვილსა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ხოსე იგნასიო მადრაზოს შორის.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მექსიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და განსაზღვრეს თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ასევე განხილულ იქნა ქალაქ მეხიკოში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხი.
მექსიკის მხარემ შეხვედრისას დააფიქსირა თავისი ურყევი ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისადმი, რომლებიც ითვალისწინებს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესობას.