საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემური იაკობაშვილი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება აშშ-ში, ნიუ-იორკში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ" - მხარდაჭერის მოპოვების მიზნით შეხვედრების გამართვა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა რეგიონალურ ჯგუფთან : 17 აგვისტოს შეხვედრა შედგა ჩAღIჩOM-ის (კარიბეთის თანამეგობრობა) წარმომადგენლებთან; 19 აგვისტოს - აფრიკული კავშირის წარმომადგენლებთან. ამავე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე.
23-24 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა ANDEAN-ის (პერუ, კოლუმბია) და წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ვიცე-პრემიერმა წარადგინა საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება დოქტორ აბდუსალიმ თრეკისთან. შეხვედრაზე საუბარი შედგა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, მიმოხილულ იქნა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ისე საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხები; ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც პაკისტანისადმი საერთაშორისო დახმარების აღმოჩენას მიეძღვნა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა სოლიდარობა გამოუცხადა პაკისტანელ ხალხს წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო და გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პაკისტანისადმი 100,000 ა.შ.შ. დოლარი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
იაკობაშვილი ვიზიტს 30 აგვისტოს დაასრულებს.