„ასე თუ გააგრძელეთ, შეიძლება, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს,“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საქმის ოფიციალური გამომძიებლები არიან შს 4 წარმომადგენელი - ფიფია, ხუფენია, ცაგურია, ნათელაშვილი, ჟამერაშვილი და მათგან კომისიამ მხოლოდ ერთი - ირაკლი ფიფია დაიბარა. ხოლო განმარტების მისაღებად ორი ისეთი გამომძიებელი მოიყვანა, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში სერთიფიცირებული არ არიან და პროცესში საერთოდ არ იყვნენ ჩართული და მან კომისიისგან ამის ახსნა მოითხოვა.
მის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე ყველა ის ადამიანი მიიყვანეს, ვინც საქმის მასალებიდან გამომდინარე საქმესთან ყველაზე მეტ შემხებლობაში იყო.
კაპანაძემ მინისტრს სთხოვა, დაკონკრეტება, თუ ვინ არიან ის პირები, ვინც შეიძლება საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს და კომისიას არ დაუბარებია.
თუ თქვენ გვეუბნებით, რომ ჟამერაშვილს ან ნათელაშვილს რაიმე ისეთი ინფორმაცია გააჩნიათ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და მათ არდაბარებამ ჩვენს მუშაობაზე შეიძლება, იქონიოს გავლენა, ამ ინფორმაციას ნამდვილად ცნობად მივიღებთ და გამოვიყენებთ. კარგად დამიკონკრეტეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უნდა დაგვებარებინა, ვინც შეიძლება მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და ჩვენ არ დავიბარეთ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ უწყების შიგნით გეუბნებიან, რომ აი ის, რაც საზოგადოებამ ნახა და რა კატასტროფაც გამოჩნდა, იმიტომ მოხდა, რომ კომისიაში არასწორ ხალხს იბარებენ,“ - განაცხადა კაპანაძემ.