ვიდეოში საზოგადოებას ეუბნებით, რომ დანიდან, რომელიც გადამალული იყო, ორივე მოკლულის დნმ ამოსული არის. იცით თუ არა, რომ ეს ტყუილია და ამ დანაზე ორივე მოკლულის დნმ არ არის ამოსული?, - ამ კითხვით ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.
ხოშტარია დაინტერესდა, შოთაძემ საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში, თუ თავად მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია.
„ახლა გაიგეთ, მაშინაც იცოდით, შეცდით, სრულად არ მოგაწოდეს ინფორმაცია, მერე გაარკვიეთ, თუ რა ხდება? ამ დანაზე არ არის დავით სარალიძის დნმ. რას ემსახურება ეს ტყუილი?“, - მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს.
„ეს ტყუილი არ არის. ვისაუბერე იმ ინფორმაციაზე, რაც ზემდგომი პროკურორებისგან მქონდა მოწოდებული. ეს დეტალი ასე დეტალურად არ გამივლია, საუბარი იყო, რომ ოგივე დანიდან ამოსული იყო შესაბამისი დნმ. აქ იგულისხმებოდა რომ გ.ბ.-ს დანა გახვეული იყო ხელსახოცში, საიდანაც ამოვიდა მოკლული სარალიძის დნმ პროფილი’, - განაცხადა შოთაძემ.
„ბატონო ირაკლი, ხელსახოცი და დანა რომ ორი სხვადასხვა ნივთია, ხომ ყველას გვესმის? თქვენ ხელსახოცი არ გითქვამთ, დანა თქვით. ამით საზოგადოება შეცდომაში შეგყავდათ, რომ ყველაფერი დადგენილი იყო, რომ ყველა მკვლელი ნაპოვნი იყო და საერთოდ ამ საქმეში პრობლემა არ იყო. ფაქტობრივ ტყუილზე გესაუბრებით. დანაზე ორი დნმ ამოსული არ არის, რას ნიშნავს ეს?“, - მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს.
„კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ამ საქმის პროკურორი არ ვიყავი, ზოგად ინფორმაციას ქვემდგომი პროკურორებისგან ვიღებდი, შესაბამისად საჯარო ინფორმაციას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვავრცელებდი. ეს განცხადებაც იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთე, შესაძლებელია ეს განპირობებული იყო იქიდან, რომ რაღაც ვერ მოვისმინე, ან რაღაც დეტალებზე არ გვქონია საუბარი. შემდეგ დავაზუსტე ეს გარემოება, რომ დავით სარალიძის დნმ პროფილი ამოსულია იმ ხელსახოციდან, რომელშიც გახვეული იყო დანა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომელიც გ.ბ.-ს მონაწილეობას ადასტურებს დავით სარალიძის მკვლელობაში“, - დასძინა შოთაძემ.
ამ წუთებში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.