"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი" პარლამენტს კონსტიტუციის პროექტის განხილვის ვადის გახანგრძლივების თხოვნით მიმართავენ.
"საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობია ქვეყანაში მოქმედი გავლენიანი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის საფუძველი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტი საერთო-სახალხო განხილვისთვის საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პასიურ დროს, 2010 წლის 21 ივლისს გამოქვეყნდა, ხოლო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა აგვისტოში მიმდინარეობს. კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი) დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს", - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
საის მიაჩნია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით უნდა განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები.
მათი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცედურების ეფექტურობაზე, უპირველესი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის მიღება უნდა გახდეს საზოგადოების კონსოლიდაციის და არა მისი ფრაგმენტაციის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, სახელმწიფოებრივი ინტერესები ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ გადადგას დამატებითი, ქმედითი ნაბიჯები კანონპროექტის განხილვისა და ხსენებულ პროცესში შესაბამისი დაინტერესებული სუბიექტების აქტიურად ჩართვისთვის", - ნათქვამია მიმართვაში.
არასამთავრობოები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ თხოვნით, კონსტიტუციის პროექტის განხილვა 2011 წლისთვის გადაიტანოს და განხილვის ეფექტური ფორმატის შექმნის მიზნით ძირითად პოლიტიკურ ძალებთან და შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაუყოვნებლივ დაიწყოს.