გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
სეს-ის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 360 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 13 ათასზე მეტი ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 27 ათასზე მეტი ჰექტარი. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.
ფერმერები, რომლებმაც წინა წელს აზიური ფაროსანას გამო მოსავალი ფაქტობრივად, ვერ აიღეს, ამბობენ, რომ წელს აზიური ფაროსანას გავრცელება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის მკვიდრის, გია თედორაძის განცხადებით, სიმინდზე სახელმწიფომ დათესვიდან ხუთი, ხოლო მან ორი შეწამვლა განახორციელა. მისი თქმით, მთავარი შედეგი არის ის, რომ მას ფაროსანა არ შეუმჩნევია.
ფერმერი აქვე ამბობს, რომ სიმინდი თითქმის საღია და 90% გადარჩენილია, ასევე თხილიც და ხეხილის ბაღებიც.
„სიმინდის კულტურასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ხუთი შეწამვლა სახელმწიფომ განახორციელა და ორჯერ მე შევწამლე. დაახლოებით დათესვის პერიოდიდან 4-5 შეწამვლა სიმინდზე გაკეთებული მაქვს და შედეგი არის ის, რომ ფაროსანა არ შემიმჩნევია. რაც შეეხება სიმინდს, თითქმის საღია და თითქმის 90% გადარჩენილია, ასევეა თხილიც და ხეხილის ბაღებიც. როცა მასიური შეწამვლა მიმდინარეობს, მოსახლეობას წინა დღით ან დილის საათებში აფრთხილებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მგონია, ვინმემ პრეტენზია გამოთქვას, რომ ჩვენ ინფორმირებული არ ვიყავით. არ არსებობს ასეთი რამ. რაც შეეხება ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოიწამლა ვიღაც, ორჯერ შევწამლე და შესაბამისად ვიყავი აჭურვილი, არანაირი დაზიანება, არავითარი უკუჩვენება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა თედორაძემ.
მისივე განცხადებით, თუ მეზობელი არ შეწამლავს სიმინდს ან ხეხილის ბაღს, ეს მას საფრთხეს უქმნის.
“სოფელი ტყვირში ცხოვრობ. ჩემს მეზობლად რამდენიმე ოჯახმა გაითვალისწინა ეს და უკვე შედეგი აქვთ. რა თქმა უნდა, თუ მეზობელი არ შეწამლავს სიმინდს ან ხეხილის ბაღს, ეს საფრთხეს მიქმნის. რისკი იქმნება ჩემთანაც, რომ თუ განმეორებით არ შევწამლე, ფაროსანა ჩემთანაც გადმოვა. თუ რეკომენდაციას ყველა გაითვალისწინებს, შედეგი უნიკალური იქნება. ხარჯებიც შესაბამისად დაბალია. შეწამვლა დაახლოებით 700 ლარი დამიჯდა, თუმცა მოგება უფრო მეტია, რადგან მოსავალს ღებულობ. ვფიქრობ, რომ წელს მოსავალს 100%-ით ავიღებ. ვინც დაინტერესებულია, მისთვის აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, შეუძლიათ წაიკითხონ და პრევენციული ზომები გაატარონ“, - აღნიშნა თედორაძემ.
კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმერი ამბობს, რომ 2 წლის წინ, ნაკვეთიდან 12 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო, შარშან 700 ლარი და მუშახელისთვისაც არ ეყო. მისივე თქმით, წელს დიდი მოლოდინი მაქვს.
„ეზოში თხილის პლანტაცია მაქვს. 1,5 ჰექტარზე მაქვს თხილი გაშენებული, ასევე ფეიხოაც. შარშან ძალიან ცუდი მოსავალი იყო, წელს სახელმწიფოც წამლავს. პირადად 5-ჯერ მოვწამლე. ყოველ 2 კვირაში, 10 დღეში ვწამლავ. ყველას ვუთხარი, თუ არ გჯერათ, მობრძანდით სახლში, მოკრეფილი მაქვს უკვე. იდეალური შედეგი მივიღე. შარშან 2,5 ტონა თხილი მქონდა და 500 კილოგრამი ჩავაბარე, დანარჩენი ცეცხლში დავწვი. წელს ყველა კარგია, 30 ცალი გავტეხე და ოცდაათივე კარგია. ჯერჯერობით 2 ტონა მოკრეფილი მაქვს და დანარჩენი მოსაკრეფია. შეწამვლითი სამუშაოები 500 ლარი დამიჯდა. დღეს ფეიხოაც მოვწამლე. ჩემი მეზობლებიდან ზოგიერთმა იმ პერიოდში თხილი მოჭრა. ამდენი შეწამვლა არ დამჭირდებოდა, ჩემს მეზობლად ყველას რომ მოეწამლა. შარშან ტყემალი, ვაშლი, მსხალი, ნიგოზი ყველაფერი გამინადგურა. წელს უკვე ყველაფერი იყო. მიხარია, რომ წელს მოსავალი მივიღე. პირადად, 500 ლარი შეწამვლითი სამუშაოები დამიჯდა და 700 ლარი გადავიხადე მუშახელში. ალბათ, მეზობლებიც გამოფხიზლდებიან. ჩემი ძალებითაც ვმუშაობ. წელს თხილი ბაზარში 1,5 ლარი ღირს. შარშან წინ ჩემი ნაკვეთიდან 12 ათასი ლარის შემოსავალი მივიღე, შარშან 700 ლარი და მუშახელისთვისაც არ მეყო. წელს დიდი მოლოდინი მაქვს. ამ დრომდე არასდროს შემიწამლავს, 6 წელია პლანტაცია მაქვს და შეწამვლით სამუშაოებს არ ვახორციელებდი“, - განაცხადა რაული ჯამაშურიამ.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში ნათლად ჩანს განსხვავება შეწამლულ და შეუწამლავ ნაკვეთებს შორის.
“ჩვენ იმ ფერმერების, რომლებმაც განახორციელეს წამლობა და მოუარეს თხილის ბაღებს, ჩავატარეთ მათი მოსავლის კვლევა, გავარკვიეთ, მოსავლის შედეგიანობა, რაოდენობა, ხარისხი, ასევე დათვლილი გვაქვს რაოდენობაც და დავითვალეთ იმ ფერმერების, რომლებსაც არ აქვთ მოვლილი ბაღები - ძალიან დიდი განსხვავებაა, ხარისხში და ასევე რაოდენობაში. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ მომავალი სეზონისთვის ყველა დანარჩენი თხილის მწარმოებელი, რომელიც არ იყო აქტიურად ჩართული თხილის მოვლაში, აბსოლუტური უმრამვლესობა მოუვლის თხილს და შედეგიც ექნებათ”, - დასძინა თოდუამ.