აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას განიხილავს. საუბარია სულ მცირე რამდენიმე მილიარდზე. ამის შესახებ CBS News წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, წყაროებმა აღნიშნეს, რომ ახალი დაფინანსება შესაძლოა მიმართული იყოს რუსეთისადმი გზავნილზე, რომელმაც ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დარტყმები განახორციელა.
უკრაინისთვის პოტენციური ახალი დაფინანსების წყარო გაურკვეველია, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შემდეგ 3.85 მილიარდი დოლარი დარჩა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უკრაინაში აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის გასაგზავნად.
ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადეს, რომ ტრამპს აქვს უფლებამოსილება, ჩამოართვას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული აქტივები საზღვარგარეთ და ეს თანხები უკრაინაში გადაიტანოს, თუმცა არც მას და არც ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ.
ნატო-მ პარასკევს განაცხადა, რომ წევრ სახელმწიფოებთან ერთად მუშაობს აშშ-ში წარმოებული საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინაში სასწრაფოდ გადასატანად, თუმცა არ უთქვამს, შეიქმნა თუ არა ამისთვის რაიმე ახალი მექანიზმი.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ტრამპმა ერთი დღით ადრე ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ისაუბრა, რათა ევროპელ პარტნიორებს ამერიკული წარმოების აღჭურვილობის შეძენაზე ესაუბრათ.