დღეს ოპოზიციას საკმარისი ბერკეტები აქვს დედაქალაქის მართვაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამასთან, სამადაშვილმა გარევაჭრობის და დევნილების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო არ არის.
"ეს გადაწყვეტილება უსამართლო იქნებოდა, თუ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ადგილებს არ შესთავაზებდნენ დედაქალაქის სხვადასხვა ბაზრებში", - განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება დევნილებს, საკრებულოს თავმჯდომარის მტკიცებით, მისთვის უცნობია დევნილთა ახალი ჩასახლების ადგილებში საცხოვრებელი პირობები სტანდარტებს შესაბამება თუ არა და თუ ამ კუთხით პრობლემები არსებობს სწრაფად უნდა გამოსწორდეს.
"სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები, დევნილები უნდა ცხოვრობდნენ იქ, სადაც შესთავაზებენ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე", - აღნიშნა სამადაშვილმა.