აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.
თორნიკე რიჟვაძე პირადად დაინტერესდა არდაგანის ტბაზე წყლის დაბინძურების მიზეზებით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, არდაგანის ტბა ბათუმში ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, შესაბამისად, იგი უნდა იყოს მოწესრიგებული და მიმზიდველი.
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის აპარატის უფროსთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. მათ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული მოედანი დაათვალიერეს და ბულვარში მყოფ ტურისტებს გაესაუბრნენ. თორნიკე რიჟვაძე უცხოელი ტურისტების შეფასებებით დაინტერესდა, რომელიც საპლაჟო ინფრასტრუქტურის თუ ქალაქში დასვენების კუთხით არსებობს.
„ბულვარის ადმინისტრაციას დავალება მიეცა, რომ უმოკლეს ვადებში მოწვეულ იქნას შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ტბაში არსებული შლამის მდგომარეობის შესწავლას და უმოკლეს ვადებში ტბის გაწმენდას, როგორც ვიზუალური ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე გავესაუბრეთ ტურისტებს, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. არის გარკვეული შენიშვნები, ბულვარის ადმინისტრაცია, სხვა უწყებებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებს უმოკლეს ვადებში გამოასწორებს. გარკვეული პრობლემები გვაქვს მოპედებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება ისეთ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც არ არის ნებადართული. ამ კუთხითაც იქნება გამკაცრებული მონიტორინგი. ვთხოვთ როგორც მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თავისუფალ გადაადგილებას ბულვარში",-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.