ჯერ არავის დაუმტკიცებია და არ ჩანს მტკიცებულებები, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, არ გააკეთა, ან პიროვნულად ირაკლი შოთაძეს ჰქონდა რაღაც დამოკიდებულება, რასაც მე პიროვნულს გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხეს პროკურატურამ და მთელმა მთავრობამაც. თუ გახსოვთ, მიტინგები ამ ფონზე როგორ ვითარდებოდა, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუშინდა.
„საგამოძიებო კომისია გაიხსენეთ, როდის შეიქმნა საქართველოში. საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს და გუნდს არ შეეშინდა. თუ პროკურატურას შეეშალა და გადასცდა, არავინ იცავს და ხელს არ აფარებს მას, მსგავსი მცდელობა არ ჰქონია. პარლამენტში ოპოზიციას გაჰყვნენ და დღეს გასაგებია, რომ ზოგიერთი პიროვნება საზოგადოებას იქიდან აღიზიანებს, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს. მე მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი პიროვნება. თვითონ პროცესი, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და შეიქმნა მეორედ თუ პირველად – აღარც გავიხსენებ. თუ გახსოვთ, ომის შემდგომ, სირცხვილი იყო, ვინ რას ამბობდა და როგორ ამბობდა, ეს იყო ფორმალური და არარეალური, რეალური საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა, როგორც კი დადგა ამის მოთხოვნილება.
თუ გახსოვთ და ალბათ, იტყვიან დღეს ოპონენტები, რომ ამას ჩვენ მუდამ ვითხოვდით, არასდროს არ ითხოვდნენ ისეთ საკითხებზეც, სადაც არ უნდა შექმნილიყო. მაგრამ როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი არ დაფიქრებულა, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს და ეს პროცესიც არის გაგრძელება თუ გნებავთ, კაბელებისა და ტრაქტორების თემის და გაგრძელება იმ ხელწერის. სხვა ხელწერის უფლება გუნდს არ აქვს. ამ ხელწერას, ამ თამასას გუნდი ღირსეულად ინარჩუნებს, რომ ასეა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.