დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში, სამთაწყაროსა და ფიროსმანში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, რის გამო ვენახები ხმება. ამ ინფორმაციას „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა" ავრცელებს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ვენახები მხოლოდ იქ არის შენარჩუნებული, სადაც მათი მორწყვა თვითდინებითაა შესაძლებელი. გასულ წელს დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ვაზის ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ე.წ. ჰიბრიდული ჯიშის ვაზი გაიჩეხა. სამთაწყაროს მაცხოვრებლების თქმით, სხვა ჯიშის ვაზის დარგვას აზრი არა აქვს, რადგან მორწყვის გარეშე ნარგავებს გვალვა ანადგურებს.
როგორც ცნობილია გლობალური დათბობის პროცესი კახეთში ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს რაიონს დააზარალებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსის ნატო კუტალაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი.