გასულ სეზონებთან შედარებით, მზით დამწვრობის ჩივილით დამწვრობის ცენტრისთვის მიმართვიანობა გაზრდილია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის მთავარმა ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„გასულ სეზონთან შედარებით, მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. დაახლოებით, ივნისის დასაწყისიდან მზით დამწვრობით 100-მდე პაციენტის მომართვიანობა გვაქვს, აქედან დაახლოებით, 25 პაციენტს დასჭირდა სტაციონალიზაცია, დანარჩენს, ამბულატორიული მკურნალობა. ამ პერიოდისთვის კლინიკაში 4 პაციენტია მოთავსებული. ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვი იყო, ხოლო, მაქსიმალური ასაკის, 26 წლის ქალბატონი იყო“, - აცხადებს ქაშიბაძე.
მისი განმარტებით, გაზრდილია მამაკაცთა დამწვრობაც.
„გენდერული თანასწორობა ჩემდა გასაკვირად, დაცულია. დამწვართა 50 პროცენტი მამაკაცები არიან, 50 პროცენტი ქალბატონები. წინა წლების სტატისტიკა არ შემიდგენია, მაგრამ ამდენი მამაკაცი რუჯზე გადარეული არ მახოვს“, - დასძენს ექიმი.
როგორც ქაშიბაძე აცხადებს, ლეღვის ნახარშის გამოყენებით დამწვრობა წელს ორმა პაციენტამ მიიღო, ერთი მათგანი 23 წლის მამაკაცია, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი გოგონა.
ქაშიბაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ გარუჯვისას მზის დამცავი გამოიყენონ და დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე მზეს მოერიდონ.