საქართველომ და სენეგალის რესპუბლიკამ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივ კომიუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ერთობლივი კომიუნიკეს თანახმად, საქართველო და სენეგალი მოწადინებულნი არიან განამტკიცონ მეგობრობა და თანამშრომლობა.
ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
სენეგალის მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერა გაერო-სთან ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა პოლ ბაჯიმ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც ნიუ-იორკში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა, ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივანს.
სენეგალი ოცდამეთორმეტე აფრიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს. სულ, 2010 წელს, საქართველომ 19 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა აფრიკული სახელმწიფოებისა (ბოტსვანა, გამბია, ეკვატორიული გვინეა, კაბო-ვერდე, კენია, კომორო, ლიბერია და სენეგალი), ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის (ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულები, ფიჯი და სამოა) და ლათინური ამერიკის (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, სენტ-ვინსენტი და სენტ-ლუჩია) სახელმწიფოები. გაერო-ს 191 წევრი-სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 142-თან.