თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციის ახალი პროექტი საჯაროდ განიხილეს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გააცნო.
პროექტის საჯარო განხილვას პარლამენტის დეპუტატები, პეტრე ცისკარიშვილი, გია არსენიშვილი, გოკა გაბაშვილი და კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუცია ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მთავრობის დამტკიცებაში. პრეზიდენტი დარჩება უმაღლეს მთავარსარდლად, მაგრამ დისტანცირდება ყოველდღიური პოლიტიკისაგან. ახალი კონსტიტუციით, მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან, რაც მათ დამოუკიდებლობაზე დადებითად აისახება. პროექტში წარმოდგენილია დებულებები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.Gგარდა ამისა, პროექტით თვითმმართველობას საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაჩივრების უფლება ენიჭება.
"ახალი კონსტიტუცია ევროპული სტანდარტების შესაბამისია და ახლოს არის გერმანულ მოდელთან,"-განაცხადა ბაქრაძემ.