საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძე და ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს მარის რიეკსტინშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს დაუთმეს.
ევროკავშირთან დაახლოების კუთხით აღინიშნა, რომ ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას, ხოლო შესაბამისი პროცედურების დამთავრების შემდეგ გაფორმდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებაც. დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე. პარაფირებულ იქნა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სასოფლო-სამეურნეო სფეროში სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმის კომპონენტთან ერთად ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების და ამ კუთხით ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბრის დროს მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას.
გრიგოლ ვაშაძემ მარის რიეკსშტინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.