12 ივნისს საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის (DEAG) პრეზენტაცია გაიმართება.
„ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს ციფრული ეკონომიკის გლობალურ პროცესებს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ“ - ასე განმარტა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის (DEAG) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ ახალი ასოციაციის შექმნის მოტივი, რომლის გარშემოც 50-მდე იურიდიული თუ ფიზიკური პირი გაერთიანდა. მისივე თქმით, მრავალწევრიანი ორგანიზაციის დამფუძნებლების ერთიან მიზანს თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებთან მაქსიმალურად უშეცდომო ადაპტირება და ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა წარმოადგენს.
-„ჩვენ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ გზას ვთავაზობთ. უნდა მოხდეს ციფრული აქტივების სწორი რეგულირება საქართველოში (მაგ, AML პოლიტიკის გატარება, ინვესტორთა დაცვა). შედეგი - არსებული კომპანიებისა თუ სტარტაპ პროექტების ტოკენიზაცია (ციფრული აქტივების გამოშვება) და ეს არ იქნება მხოლოდ ლოკალურად მიმდინარე პროცესი - კრიპტოლიბერალური რეფორმა გლობალური სივრციდან შემოიყვანს კომპანიებს, რაც ჯამში კაპიტალის ბაზრის, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას გამოიწვევს. ყოველივე ეს დადებითად აისახება, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელზე. უცხოური კაპიტალის შემოდინება აწყობთ კომერციულ ბანკებსაც. ზოგადად, ეს გარდაუვალი პროცესია და თანამშრომლობას სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენ დღეს უნდა ავუწყოთ ფეხი მომავალს. - განაცხადა „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის“ პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.
DEAG-ს მკვეთრად განსაზღვრული მიზნები და ამოცანები აქვს, რაც ციფრული ბიზნესკულტურის განვითარებას, ბიზნესგარემოს სტიმულირებასა და მხარდაჭერას; საინვესტიციო პლატფორმის მომზადებას, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სისტემების ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას და ამ მიზნით, სახელმწიფო ან/და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ციფრული აქტივებისა და ციფრული ელექტრონული ვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვას, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და სხვა ინოვაციური პროექტების წარდგენას გულისხმობს.
„ჩემი ამ ასოციაციაში გაწევრიანების მოტივი პირდაპირ პასუხობს იმ ხედვებსა და ამოცანებს, რასაც ჩემი ორგანიზაცია - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება. ეს, უმთავრესად, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ფორმირებას უკავშირდება. ეს უკანასკნელი კი ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორების დივერსიფიცირება არ მოახდინა, რაც ფინანსური ბაზრების ტრანსფორმირებით უნდა დაიწყოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ბიზნესს ფინანსების მოსაძიებლად მრავალი ალტერნატიული შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს, საქართველოში კი მხოლოდ საბანკო სექტორია დომინანტი. ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობას იძლევა, სრულიად ახალი თამაშის წესები დამკვიდრდეს ფინანსურ სექტორში, რაც რეალურ საფუძველს ჩაუყრის ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია, იმ გუნდის მეშვეობით, რომელსაც ის აერთიანებს, ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელებას შეძლებს.“- განაცხადა „აბფა“-ს პრეზიდენტმა, DEAG-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, შოთა გულბანმა.
საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს ასოციაციის თანადამფუძნებელი ლანა გალდავა.
„მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება ბლოკჩეინ ტექნოლოგების დანერგვა-განვითარების მიზნით, მაგალითად, ჭკვიანი (სმარტ) კონტრაქტების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოებისა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას“ - აღნიშნა ლანა გალდავამ.
DEAG-ის დამფუძნებელთა შორისაა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის (IRFC) პრეზიდენტიც, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, ვეფხია გიორგაძე. როგორც ექსპერტი განმარტავს, ციფრული ეკონომიკის მომავალი უკვე განსაზღვრულია და ეს ჩვენმა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
-„ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ ასახვა ჰპოვა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. იმდენად დიდი აღმოჩნდა ტექნოლოგიების როლი ტრადიციული ეკონომიკის განვითარებაში, რომ უკვე ახალ ეკონომიკაზე ალაპარაკდნენ, რომელსაც ციფრული ეკონომიკა ეწოდა. ყველა ქვეყანა ცდილობს, ამ ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას აუწყოს ფეხი. აქედან უკვე კარგად ჩანს ციფრული ეკონომიკის მომავალი. ეს მომენტი უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ და გადადგას გააზრებული, სწრაფი ნაბიჯები. საჭიროა სწრაფი რეაგირება - საგადასახადო შეღავათები, მოქნილი და ადაპტირებული კანონმდებლობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა... ამ გზით ქვეყანა მომავლის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას მიიღებს და ერთიან ციფრულ ბაზარში ჩაერთვება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის გაზრდას... ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გვერდით მდგომი ამ სფეროში ღრმად ჩახედული ორგანიზაციის სახით, რომელიც გასცემს სწორ რეკომენდაციებს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის დამფუძნებელთა შორის ვარ, - აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.
საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია (DEAG) 2018 წლის 1 ივნისს დაფუძნდა. ორგანიზაციის ოფიციალური წარდგენა/პრესკონფერენცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამშაბათს, 12 ივნისს, 12:00 სთ-ზე გაიმართება.
მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი N1. დასწრება თავისუფალია.