საქართველოს ვიზიტით მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიხაი გიმპუ ესტუმრა.
მოლოდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული მუშაობის, ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
პრეზიდენტები შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, კრის დე ბურგის კონცერტს დაესწრებიან, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში გაიმართება.
დაგეგმილია მიხაი გიმპუს ანაკლიაში ჩასვლა და იქ დასასვენებლად მყოფი, წყალდიდობისგან დაზარალებული ოჯახების მოლდოველ ბავშვების მოინახულება, რომლებიც პატრიოტულ ბანაკში ისვენებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოლდოვაში სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 6 აგვისტოდან ისვენებს. ამასთან, ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის ერთი სოფლის აშენებას დაპირდა.