დღეს, 12 აგვისტოს, 11:00 საათზე, გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოს პარლამენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია გამართავს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური პროექტის საჯარო განხილვას.
როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
საჯარო შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში. საჯარო შეხვედრა იქნება ინტერაქტიული და ყველა დაინტერესებულ მონაწილეს მიეცემა საშუალება გამოთქვას აზრი, შესთავაზოს სამუშაო ჯგუფს იდეები ან დასვას კითხვები. ანალოგიური შეხვედრები მოსახლეობასთან ჩატარდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
საჯარო შეხვედრის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.