დღეს, 12 აგვისტოს, სარკოზი-მედვედევი-სააკაშვილის ე. წ. 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებიდან ორი წელი შესრულდება.
2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით, კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს.
2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში თავისი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა.
რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სახედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამ დღეს ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.
9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკავების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა თავისი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომში 412 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 228 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი, 3 ჟურნალისტი, მათ შორის ერთი - უცხოელი.
საომარი მოქმედებების შედეგად დაიჭრა 1747 მოქალაქე, მათ შორის - 973 სამხედრო მოსამსახურე, 547 მშვიდობიანი მოქალაქე და 227 პოლიციელი.
უგზო-უკლოდ დაკარგულადაა გამოცხადებული 10 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი.