შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები გამოავლინა.
როგორც დღევანდელ ბრიფინზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ფაქტზე დაკავებულია 4 პირი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა. დაკავებულია 4 პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - განაცხადა ჭელიძემ.