რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო მიიჩნევს, რომ 2010 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ორი წლისთავისათვის, რუსეთის პრეზიდენტი დ.მედვედევი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა ოკუპირებულ სოხუმში.
"ასეთი დამთხვევა რომ წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული ქმედებაა, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შარშან 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დადების წლისთავზე, საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მთავარი ინიციატორი და იდეოლოგი ვლადიმერ პუტინი აგრეთვე ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში", _ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სუვერენული ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საბჭოთა პოლიტიკური ლიდერების სტილში განხორციელებული ეს ე.წ. "ვიზიტი" წარმოადგენს კიდევ ერთ ცინიკურ აქტს, რითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არაფრად აგდებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, და არ აპირებდა და არც აპირებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულებას.
"პარალელურად, კრემლი მიზნად ისახავს ლეგიტიმურობის ილუზია მაინც შეუქმნას მარიონეტულ რეჟიმებს, რადგანაც რუსეთის გულმოდგინე მცდელობებისა და ფინანსური გულუხვობის მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი აღიარების მცდელობა კრახით დასრულდა", _ ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულოს რუსეთი პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პირველ ყოვლისა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დაუყოვნებელი და სრული დეოკუპაცია.