რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ჰანს იორგ ჰაბერმა, მისიის მუშაობა შეაჯამა.
"საქართველოს მთავრობამ რეგიონში მყოფი დევნილების რთულ მდგომარეობაზე დროული რეაგირება მოახდინა, რაც ძალიან დასაფასებელია; ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ის სტრატეგია იყო, რომელიც ყველა დაზარალებულის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისიის არშეშვება ხელს უშლის რეგიონებში ნორმალიზაციის და სტაბილიზაციის მცდელობებს", - ნათქვამია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ჰაბერი ურთიერთგაგების მემორანდუმსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის მტკიცებულება საქართველოს სურვილისა, დაიცვას ძალის არგამოყენების პრინციპი.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მომავალშიც თავისი ვალდებულებების ერთგული დარჩება", - აღნიშნავს ჰაბერი.