"2008 წლის აგვისტოს მოვლენების საშინელი დღეების ხსოვნა სულ ჩემთანაა", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
"მიუხედავად იმისა, რომ 7 აგვისტომდე სააკაშვილის რეჟიმი არღვევდა ყველა შეთანხმებას და მას დასავლეთი, კერძოდ კი აშშ აიარაღებდა, მაინც ვფიქრობდი, რომ ცხინვალზე თავდასხმის უფლებას არ მისცემდნენ", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, მასა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს შორის შეხვედრა 8 აგვისტოს უნდა გამართულიყო, რაც მედიას აცნობეს კიდეც.
"შეხვედრის გეგმაც შევიმუშავეთ. ამის შემდეგ შინ დავბრუნდი და ქალაქის დაცხრილვაც დაიწყო - ეს აგრესია იყო. რაღაც მომენტში მათ თითქოს შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ევროკავშირის კომისიამ ტალიავინის ხელმძღვანელობით ყველაფერს წერტილი დაუსვა", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, მაშინ ე. წ. სამხრეთ ოსეთის "მთავრობის მაშინდელ თავმჯდომარეს" იური მოროზოვს არ სჯეროდა, რომ საქართველო ე. წ. სამხრეთ ოსეთს თავს დაესხმებოდა.
"მე მას მაშინ ვუთხარი - თუ ომი დაიწყო და ბავშვები აქ დარჩნენ, მოსახლეობა არ გვაპატიებს, ხოლო თუ არაფერი არ იქნა, ბავშვები უბრალოდ დაისვენებენ. კიდევ კარგი, რომ ამდენი ქალისა და ბავშვის გადარჩენა შევძელით", _ ამბობს ჩოჩიევი.