რუსეთის სტრატეგიის ანალიზისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი რუსლან პუხოვი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების 100 მდე წარმომადგენელი და მოხალისე.
"სულ სამხრეთ ოსეთის მხარეს დანაკარგი შესაძლოა 100 ადამიანით შეფასდეს", _ აცხადებს პუხოვი. თავის მხრივ, დანაკარგებზე საუბრობს ასევე რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს წევრი კონსტანტინე მაკიენკო და აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურისა და სხვა "სახელმწიფო" დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, ომის დროს გარდაცვლილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების 35-37 წარმომადგენელი რასაც ზედ ემატება მოხალისეთა დაუდგენელი რაოდენობა, რომელიც დაახლოებით 40-50 ადამიანია.
"ამ ციფრს კიდევ ემატება ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული მოხალისეები", _ აცხადებს მაკიენკო.
ხოლო, რაც შეეხება რუსული მხარის დანაკარგებს - რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით - 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის 67 სამხედრო მოსამსახურე, 162 მშვიდობიანი მოქალაქე. 255 ოსი დაიჭრა და 30 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.