ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა კვალავაც შეუძლებელი გახდა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დახმარებისათვის რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მიმართავს.
"ევროპელი თანათავმჯდომარეები არ ცდილობენ ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმის ხელმოწერას ხელი შეუწყონ. ამას ასევე ეწინააღმდეგება აშშ და ხელს უშლის ამ პროცესსა და მხარეთა შორის დიალოგის წარმართვას. საქართველო კი ყველანაირად თავს არიდებს ამ მემორანდუმზე ხელის მოწერას", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
ედუარდ კოკოითის გულისწყრომასაც იწვევს ის, რომ "ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები აფხაზური და ოსური დელეგაციების წინადადებები სერიოზულად არ აღიქმება".
"ჯერ ჯერობით უკვე ჩატარებული რაუნდის შედეგებს ველოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მივმართოთ", _ აცხადებს კოკოითი.
სეპარატისტთა ლიდერი ასევე განმარტავს, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში საუბარი იქნება იმაზე, რომ არის გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ხელს უშლიან მედვედევისა და სარკოზის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზებას.
"ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რომ ევროპელი დამკვირვებლები რომლებიც ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან სრულად არ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს. სამხრეთ ოსეთის მხარე ასევე გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს შეიარაღებას და თბილისიდან კვლავაც და კვლავაც ისმის რევანშისტული განცხადებები", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი და დასძენს _ "თუკი ჩვენ შესაბამის შედეგებს ვერ მივიღებთ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ".
მასალის გამოყენების პირობები