სოხუმში სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთისათვის 700 მილიონიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი სეპარატისტთა მხრიდან აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრმა ბესლან კუბრავამ, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი პანკინმა მოაწერეს.
"700 მილიონიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციისა და მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა 10 წლის ვადით და წლიური 2,5 % გადახდის ოდენობით", _ აცხადებს პანკინი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, პირველი ტრანში 300 მილიონი რუბლის ოდენობით ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 15 დღის ვადაში გადმოირიცხება.
მეორე ტრანში კი 400 მილიონი რუბლის ოდენობით რუსეთიდან გადმოირიცხება მას შემდეგ 15 დღის ვადაში რაც აფხაზური მხარე წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას იმის შესახებ, რომ მათ "რესპუბლიკის ნაციონალური ბანკის მოდერნიზაციისათვის პირველადი ნაბიჯები გადადგეს".
თანხა რუსული მხარის მიერ აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბანკში აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე გადაირიცხება.