ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას და სანამ სამართლიანობა არ აღდგება _ განაცხადა კოლუმბიაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.
"არ ღირს ცალკე ამოგლეჯილად რომელიმე თარიღის განხილვა იმიტომ, რომ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს არ დაწყებულა. ის დაიწყო ბევრად უფრო ადრე და ეს აგრესია დღემდე რა არის შენელებული. ჩვენი ბრძოლა დღემდე არ დამთავრებულა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ _ საქართველოს ბრძოლა გაგრძელდება მანამ ვიდრე უკანასკნელი რუსი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
"ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას, სანამ არ აღდგება სამართლიანობა ასობით ათასი სხვა და სხვა ეთნიკური წარმომადგენლის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ თავისი სახლები, დაეტოვებინათ თავისი ქალაქები და თავისი სოფლები", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ქართველები უკვე მერამდენედ გახდნენ იძულებულნი იარაღით ხელში დაეცვათ საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება.
"2008 წელს ჩვენი ქვეყნის შვილებს უკვე მერამდენედ მოუხდათ იარაღით ხელში, საკუთარი სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის ღირსების, თავისუფლებისა და მომავლის დაცვა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისათვის ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
"თუნდაც ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ყოველდღიურად აწარმოოს ეს ბრძოლა. აწარმოოს ბრძოლა ქვეყნის შიგნით ქვეყნის გაძლიერების კუთხით. მთელს მსოფლიოში ყველგან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, მანამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მტერი დგას და ვიდრე საქართველოს მიწა ოკუპირებულია ქართველებს არც ერთი დღის დაკარგვის უფლება არ აქვთ.
"ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და ჩასაგდები არც ერთი დღე. სანამ საქართველოში დგას მტერი, სანამ საქართველოს მიწა ოკუპირებულია და სანამ საქართველო ბოლომდე არ არის თავისუფალი", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველი ხალხის ისტორიულ ამოცანად საქართველოს განთავისუფლებისთვის წარმოებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანა დაასახელა.
"ჩვენი მთავარი ისტორიული ამოცანა არის ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს გათავისუფლება. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, ბოლომდე დავაყენებთ ფეხზე ჩვენ ქვეყანას, ჩვენს საერთო სამშობლოს _ საქართველოს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.