რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს მდინარე ფსოუდან ქალაქ ტყვარჩელამდე სარკინიგზო საფარის აღდგენაში დაეხმარება. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სარკინიგზო სფეროს აღდგენისადმი მიძღვნილ თათბირზე გააკეთა.
ბაღაფშმა განაცხადა, რომ სარკინიგზო საფარი მთლიანად იქნება დემონტირებული და გამოცვლილი. მისივე თქმით, ასევე აღდგენილი იქნება ყველა გვირაბი, სარკინიგზო გადასასვლელი და ინფრასტრუქტურა.
სერგეი ბაღაფში ასევე აცხადებს, რომ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში ჩართული იქნება 1000 ადამიანზე მეტი.
"ასეთი მოცულობის სამუშაო აფხაზეთში ჯერ არ ჩატარებულა. აღდგენილი იქნება 165 კმ რკინიგზის ლიანდაგი", _ აცხადებს ბაღაფში.
მისივე თქმით, სამუშაოების "რუსეთის რკინიგზის" ბრიგადები 5 სექტემბრის შემდეგ დაიწყებენ. "მათთვის საჭიროა ყველა აუცილებელი პირობის შექმნა აფხაზეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ 2011 წლის იანვრისათვის რკინიგზა აფხაზეთში ექსპლუატაციისათვის მზად უნდა იყოს.