მიხეილ სააკაშვილი ბაქოში დაგეგმილ ენერგეტიკულ სამიტს დაესწრება.
14 სექტემბერს ბაქოში ენერგეტიკული სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. სამიტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება და პრეზიდენტები შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ.
აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საჭირო დოკუმენტის შესათანხმებლად ბაქოში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 13 სექტემბერს შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრების დონეზე შედგება.
წინასწარი ინფორმაციით, ბაქოს სამიტრს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტტინგერი დაესწრებიან.
13 აპრილს ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ~, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.
პროექტის მიხედვით გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში სავარაუდოდ ყულევში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.
პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრასპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.