ხვალ, 6 აგვისტოს, სოხუმში იგეგმება ე. წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმება რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სახელმწიფო კრედიტის გამოყოფის შესახებ. განცხადებას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, "700 მილიონიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკის კაპიტალიზაციისა და მოდერნიზაციისთვის გამოიყოფა 10 წლის ვადით და წლიური 2,5 % გადახდის ოდენობით. უფლებამოსილ პირებად მიიჩნევიან - აფხაზეთს მთავრობის სახელით _ აფხაზეთის ეროვნული ბანკი და რუსეთის მხრიდან - სახელმწიფო კომპანია "ვნეშეკონომბანკი"".
სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრი ბესლან კუბრავა მოაწერს, რუსული მხრიდან კი რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი პანკინი.
კრედიტი ორი ტრანშით გამოიყოფა - 2010 წლის განმავლობაში.