14 აპრილს, 10:30 საათზე, ბათუმის ბულვარში კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
იასონ გორდეზიანის საპარკე-დეკორატიული სკულპტურის შექმნასთან დაკავშირებით, 2017 წელს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც წარმოდგენილი 7 ესკიზიდან, სპეციალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, საუკეთესო ნამუშევრად მოქანდაკე ირაკლი წულაძის ესკიზი გამოვლინდა.
იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო.
დაიბადა 1876 წელს რაჭის მაზრის სოფელ საკაოში. 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტი ოქროს მედალზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. პარიზში, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერ ველმორენის სათესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტი სამუშაოდ მიიწვიეს ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად.
1913 წლის იანვარში, დაბრუნდა საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და მთავარი არქიტექტორი გახდა.
1916 წელს - დაინიშნა ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.
ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლის განთავსების იდეა და სკულპტურის დადგმა მისი სახელის უკვდავყოფას ემსახურება.
ძეგლის ესკიზის შესაძენად ბულვარის ბიუჯეტიდან 4200-ლარი, ხოლო ბრინჯაოს საპარკე ქანდაკების დამზადება-განთავსებისათვის 128 174 ლარი დაიხარჯა.
(NS)