ვერ ვიტყოდი, რომ Freedom House-ის შეშფოთებას ვიზიარებთ, თუმცა მედია და სასამართლო სისტემა ის სფეროებია, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტის შეკითხვას, იზიარებს თუ არა Freedom House-ის ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნია.
„მესმის, რომ ეს Freedom House-ის განსაკუთრებული ანგარიშია, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს და მოსაზრებებს მათ შორის „ფრიდომ ჰაუსის“. მე ჯერ არ მქონდა საშუალება, რომ ანგარიშს სრულად გავცნობოდი, ამიტომ ვერ შევაფასებ. რაც პრესაში წავიკითხე, არის შენიშვნები, რომლებიც ეხება მედიის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას. ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნია და თქვენ მას კარგად იცნობთ ჩვენი ანგარიშებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის დიალოგი და უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ადამიანის უფლებებსა და სასამართლოს თავისუფლებას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ცნობისთვის, Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია.