ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალების 6000-მდე ამპულის დაკარგვის შემდეგ, იქ მომუშავე ერთი პიროვნება, რომელიც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებრებულ მედიკამენტებზე იყო პასუხისმგებელი, კლინიკაში არ გამოცხადებულა. აღნიშნულის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ჰოსპიტალის იურისტმა, პაატა ბოლქვაძემ განუცხადა.
„ნარკოტიკული საშუალებების, ანუ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესყიდვაზე, შემოტანაზე, განაწილებაზე, ხარჯვაზე ბრძანებით დანიშნული და პასუხისმგებელი ერთი პიროვნება იყო. მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული საშუალება კლინიკიდან დაიკარგა, აღნიშნული პიროვნება კლინიკაში აღარ გამოცხადებულა“, - აცხადებს ბოლქვაძე.
მისი განმარტებით, აღნიშნულ პირთან დაკავშირება ვერ მოახერხეს. კითხვაზე, ხომ არ დატოვა მან საქართველო, იურისტს პასუხი არ აქვს.
„ეს უშუალოდ გამოძიებას უნდა ჰკითხოთ“, - აცხადებს ბოლქვაძე.
ცნობისთვის, ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალიდან, რომელიც მართვაში კომპანია ''მედ-ემერჯენსს'' აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269 - ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.