რუსეთის ფედერაცია საქართველოში იარაღის შემოტანაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ემბარგოს დაწესებას მოითხოვს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსული სააგენტო "იტარ-ტასისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ასეთი ზომა მნიშვნელოვანწილად შეამცირებდა საქართველოდან მომავალი შესაძლო აგრესიის საფრთხეს", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც "უკვე შემდგარი ფაქტია და მთელმა მსოფლიომ გაიგო სიმართლე 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი მოვლენების შესახებ".
"გაიგო, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბარბაროსული ბრძანება მშვიდობიან ცხინვალზე თავდასხმის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების დახვრეტის შესახებ", _ აცხადებს კარასინი.
მისივე თქმით, ყოველივე ამას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი რუსეთის ხელისუფლების კონსტრუქციულმა და ღია პოზიციამ, რომელიც მიმართული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან.
"დღეს შეიძლება ითქვას, რომ წარსულში საქართველოსათვის იარაღის მრავალმა მიმწოდებელმა გაიაზრა და თბილისის ხელისუფლების მიმართ თავის პოლიტიკას გადახედა. თუმცა, პრობლემა გადაწყვეტიდან ჯერ კიდევ შორსაა. ე.წ. ქართული დემოკრატიის ზოგი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ცდილობს სხვა და სხვა მეთოდებით შეაიარაღონ ვაი-მებრძოლები", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, "ამიტომაც ჩვენ კვლავაც დაბეჯითებით მოვითხოვთ საქართველოში იარაღის შეტანაზე ფართომასშტაბიანი ემბარგოს დაწესებას - უპირველეს ყოვლისა თავდასხმითი შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკისა",_ აცხადებს კარასინი.