ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ქართველებისათვის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან კარგად ნაცნობი, რუსული არმიის გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ნოგოვიცინი "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "ანატოლი ნოგოვიცინი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში შეტანილი წვლილისა და აქტიური მონაწილეობისათვის ჯილდოვდება. ასევე დიდი წვლილის გამო კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შეტანის საკითხში", _ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, დაჯილდოვების ცერემონიალზე ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ასევე აღნიშნა, რუსი გენერლის მიერ შეტანილი "დიდი წვლილი საინფორმაციო აგრესიის უკუგდების საკითხში, რომელიც ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებს ჰქონდათ გაჩაღებული".
"ამ საინფორმაციო ომში, თქვენ მედგრად იდექით რუს ჟურნალისტებთან ერთად და თქვენს კოლეგებთან ერთად კარგად არჩევდით სად იყო ჩვენსა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტყუილი და სად მართალი. ქართული აგრესიის უკუგდებისა და საქართველოს მშვიდობის იძულების ოპერაციის დროს, თქვენ მრავალი რამ გააკეთეთ იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოს გაეგო სიმართლე სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებზე", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
თავის მხრივ, რუსული არმიის გენერალმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ მისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთი მეორე სამშობლოა.
"ვემსახურები სამშობლოს - ამბობენ რუსეთში. სამხრეთ ოსეთი ჩემი მეორე სამშობლოა. მადლობა თქვენ. ჩემთვის ყოველივე ძალიან მოულოდნელია და ძალიან სასიამოვნო", _ განაცხადა ნოგოვიცინმა.