რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი აცხადებს, რომ საავტომობილო გზა ჩერკესკი-სოხუმი ფასიანი იქნება. მისივე თქმით, გზა სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობით შენდება. ეს განცხადება იგორ ლევიტინმა ყარაჩაი-ჩერქეზეთში თავისი ვიზიტისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს პროექტს ჩერკესკი-სოხუმის საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებთან შეაერთებს.
"გზა სოხუმისაკენ ფასიანი უნდა იყოს და იგი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით აშენდება. ეს ის გზაა რომლითაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ, იმისათვის, რომ შორეული მარშრუტით არ მოუწიოთ გზის გავლა - კრასნოდარის მხრიდან და სოჭიდან. ამიტომაც ადამიანები რომლებიც ზღვაზე დასასვენებლად გაემართებიან ახალი გზით ისარგებლებენ", _ განაცხადა ლევიტინმა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ამ გზის მშენებლობის მარშრუტის ორი ვარიანტი განიხილება. პირველი - ადრე არსებული სოხუმის სამხედრო გზის რეკონსტრუქციაა, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედს კლუხორის გადასასვლელზე კვეთდა.
და მეორე - საავტომობილო გზის მშენებლობა ჩერკერსკიდან ადლერამდე.