მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან დაღუპულ ჯარიკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, 2008 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმა მოსალოდნელიც იყო და ძალიან მოულოდნელიც.
პრეზიდენტმა საქართველოს ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდასხმა საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, მათ შორის მოულოდნელი, "მაგრამ ჩვენი ხალხის, შვილების ინსტიქტი სწრაფად მობილიზება, გადაწყობა და მტრის დასახვედრად პოზიციებზე გასვლაა".
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციამ პროვოკაციები 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო ომისათვის სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა. სააკაშვილის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის გამო, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ერაყიდან გამოყვანასაც გეგმავდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მტრის მხრიდან პროვოკაციულად აღქმის საშიშროების გამო არ მიიღო.
"თავდასხმა ორი წლის წინ იყო მოსალოდნელიც და ძალიან მოულოდნელიც. ის, რომ მტერი სამი წლის განმავლობაში ომისთვის ემზადებოდა დადასტურებულია და ამას თავადაც არ მალავს. 2008 წლის გაზაფხულზე პროვოკაციები უკვე ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა. მე მახსოვს რამდენი ფიქრი და ყოყმანი დაგვჭირადა იმაზე, რომ ერაყიდან ჩვენი ჯარისკაცები გამოგვეხმო. ამაზე უკვე 2008 წლის მაისიდან ვფიქრობდით, როცა პროვოკაციებს ყოველდღიური ხასიათი მიეცა. რუსეთის ჯარის რაოდენობა გაიზარდა ყველა ნორმის დარღვევით დღეს, უკვე ოკუპირებულ ზონებში. დიდ ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გამოგვეხმო ერაყიდან, რათა ესეც მოწინააღმდეგის მხრიდან პროვოკაციად არ აღქმულიყო, რაც დააჩქარებდა აგრესიულ მოქმედებს", - აღნიშნა სააკშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ომის წინ ბევრი ქართველი ჯარისკაცი შვებულებაში იმყოფებოდა, რადგან რამდენიმე თვიანი დაძაბულობის შემდეგ, ოფიცრების და ჯარისკაცების დიდ ნაწილი შვებულებაში გაუშვეს.