მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს წარუდგინა.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს.
პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.