ზაზა ბაქრაძემ დღეს თავიდან ბოლომდე ტყუილი ილაპარაკა - განაცხადა ჟურნალისტებთან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ დონაძემ.
„მან თავიდან ბოლომდე ტყუილი ილაპარაკა, ეს ცალსახაა. ადამაინი ამბობს დანაშაული ჩავიდინეო, რომელიც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რამდენიმე დღეში ამ ადამიანს საპროცესოს გაუფორმებენ. ხოლო გურამ დონაძეს, რომელსაც იარაღი არ მიუტანია და ამ მოწმის ჩვენებით თურმე გადაღება გაუყალბებია, არც ადამიანი მოუკლავს, არც იარაღი ჩაუდია, 1- დან 3 წლამდე პატიმრობა, ან ჯარიმა ემუქრება. პროკურატურას სასჯელი ჩემზე უხარია და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანის ტყუილებს დღეს ტაშით ხვდებოდნენ. ადამიანმა ავტომატები ჩაუდო, 6 ბიჭი გაწირა, ბუტაზე გაგვავრცელებინა რომ იარაღები ჰქონდა, კრიმინალი იყო და თურმე დონაძეა მთავარი დამნაშავე, რომელმაც მისივე ჩვენებით, მხოლოდ გადაღება გააყალბა. თუ ეს ადამიანი ასეთი დამნაშავეა, მივმართავ პროკურატურას, საპროცესო არ გაუფორმონ და ჩემთან ერთად წამოვიდეს ციხეში. ზაზა ბაქრაძემ უარი თქვას გირაოთი გათავისუფლებაზე და უარი თქვას საპროცესოზე. იგივენაირად და კიდევ უარესად დავიბრალებ ბრალს და ჩემთან ერთად წამოვიდეს 8 წლიან სასჯელზე. ამდენი ხანი რომ ატყუებდა ოჯახს და ეხლა კიდევ იტყუება, პრობლემა ესაა. ვულოცავ ქართულ მართლმსაჯულებას რომ 10 წლიანი დანაშაულის მქონე პირს დღეს სასამართლოს დარბაზში ტაშს უკრავდნენ და გურამ დონაძეზე, რომელსაც გადაღება აქვს გაყალბებული და 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სასჯელი უხარიათ“, - განაცხადა გურამ დონაძემ.
ცნობისთვის, ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.
გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.
ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე. აღნიშნული ყველა პირი, ბაქრაძის გარდა, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფება.