რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად 2008 წლის აგვისტოში უსახლკაროდ დარჩენილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დახმარებას სხვა ქვეყნებს სთხოვს. ოსური მედიის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა აცხადებს, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერისადმი ედუარდ კოკოითისადმი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა "ოფიციალური სტრუქტურებისადმი" მიმართვებმა ამ საკითხთან დაკავშირებით, შედეგი ვერ გამოიღო.
ამ მოსახლეობის განცხადებაში ნათქვამია, რომ "283 მრავალსართულიანი და 322 კერძო სახლის აღდგენა 2009 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულებულიყო. ოფიციალური მონაცემებით კი 2010 წლის გაზაფხულისათვის მხოლოდ მათი მესამედი გარემონტდა: 85 მრავალსართულიანი და 102 კერძო სახლი".
"ადამიანებს, რომლებიც ამ რესპუბლიკაში ცხოვრობენ ეს ციფრებიც კი გადაჭარბებულად ეჩვენებათ. ფორმალურად ჩაბარებით, ადგილობრივი ხელისუფლება სახლებს კვლავ უვარგის მდგომარეობაში ტოვებს. დღეს როდესაც ასობით ოჯახი ნათესავებთან, ვაგონებში ან კარვებში ცხოვრობს ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ ხელისუფლებას ვთხოვოთ რამე. დღეს ჩვენ მივმართავთ სხვა ქვეყნების ხელისუფლებას და ყველა მათგანს ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია: წინ უკვე მესამე ზამთარია, რომელიც ჩვენ შესაძლოა ჭერის გარეშე გავატაროთ", _ ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაზარალებული მოქალაქეებს განცხადებაში.
მათივე განცხადების მიხედვით, "აუცილებელია საშუალებები სახლების ასაშენებლად და სარეკონსტრუქციოდ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას დახმარება უშუალოდ დაზარალებულ მოსახლეობას გაუწიოს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე აქცენტი არ გააკეთონ".