„ხელყუმბარის წარმოშობის თაობაზე მრავალ კითხვას დავსვამდი, ყველა მტკიცებულებას ხელახლა გამოვაკვლევინებდი, რისი უფლებაც ერთპიროვნულად მომეკვეთა - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
როგორც ის განმატავს, ხელყუმბარა რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეში მთავარი ნივთმტკიცება იყო, სასწრაფო წესით გაანადგურეს და მას მთავარი კითხვების დასმის საშუალება მოუსპეს. კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ხელყუმბარაზე მხოლოდ ერთი მხარის მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.
„მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი მხარის მონაწილეობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ერთპიროვნული კითხვებით ჩატარდა ხელყუმაბარაზე ექსპერტიზა. კითხვები არც პროკურატურას დაუსვამს და არც ჩვენ. ხელყუმბარა ძალიან მალე, სასწრაფო წესით გაანადგურეს. თანაც, სუს-ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ და არა პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ. დანაშაულის ჩამდენი მხარე თვითონვე, ერთპიროვნულად სვამს კითხვებს და ყველაფერს თავად აკეთებს. ასეთი რამე სად ხდება, არ ვიცი. რამდენად გამჭირვალეა ეს პროცესი და რამდენად დაცულია მეორე მხარის ინტერესები? ჩვენი უფლებები დარღვეული არ არის?
ყველაფერი დეტალურად უნდა შემესწავლა, შესასწავლი მქონდა ანაბეჭდები, ნათითურები რა მიმართულებით იყო. ანაბეჭდებთან დაკავშირებით პასუხი არ არის, საერთოდ დასმულია თუ არა ეს კითხვა არც ვიცი. მხოლოდ ეს პასუხია მოსული, რომ სისხლის კვალი იყო. ეს ჩემთვის არასაკმაირისია. რუსლან ალდამოვის საქმიდან დამაინტერესებდა, რომელიმე დაკავშირებული პირის ბიოლოგიური კვალი, ან ნათითურები ხომ არ იყო. იქნებ რაღაც ინტერესები მქონდა, რითიც რაღაცეებს გამოვრიცხავდი და სხვა კითვებსაც დავსვამდი? ხელყუმბარის სისრულეში მოყვანა სცადაო ამბობენ, ასეთ დროს მჭიდრო მოჭერა უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფერს დეტალურად შევისწავლიდი. ერთპიროვნულად მომეკვეთა შესაძლებლობები და უმაღლეს დონეზე დაირღვა ჩემი უფლებები“, - აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუსის ინფორმაციით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.