დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ და მთავარი საბჭოს წევრებმა ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი, როგორც მუხლობრივად, ისე, პრინციპების დონეზე დეტალურად განიხილეს. იმსჯელეს იმ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც, როგორც ქართველმა, ისე, უცხოელმა ექსპერტებმა წერილობით და დისკუსიების დროს დააფიქსირეს.
შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ წარმოდგენილი ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც კომისიის წევრები წარმოაჩენენ, როგორც საპარლამენტო მმართველობის მოდელს, რეალურად არ აძლიერებს პარალამენტის ფუნქციებს, ამ პროექტის თანახმად საკმაოდ გაძლიერებულია პრემიერ-მინისტრის როლი და მისი გადაყენების პროცედურა იმდენად გართულებულია, რომ პრაქტიკულად იმპიჩმენტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„დემოკრატიული მოძრაობა" დიდი ხანია აცხადებს, რომ დარწმუნებულნი ვართ, აღნიშნული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სააკაშვილის მცდელობას, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა და ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელოს", - აღნიშნა შეხვედრაზე „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტში არ არის ჩადებული საკმარისი გარანტიები თვითმმართველობის ინსტიტუტის სწორი ფუნქციონირებისთვის, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც ნათლად იკითხება; ახალ პროექტში არაფერია ნათქვამი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საერთო სახალხო კონსენსუსით მიღება შეუძლებელია.