მოზარდების მკვლელობის საქმის დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა, - განცხადა პროცესის დასრულების შემგედ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
,,ერთი ექსპერტია. მან ბრალდებულებზე არსებული დაზიანებების შესახებ ისაუბრა, რომელიც აბსოლუტურ შესაბამისობაშია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. რაც ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. ასევე დაიკითხა წითელი ავტომანქანის მძღოლი რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მან სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია სასამართლოზეც დაადასტურა.
ასევე დაიკითხა ერთი პიროვნება, რომელიც შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ფაქტი მოხდა. პირველმა ნახა დაზიანებული პიროვნებები და აღწერა ის გარემოებები თუ რა ვითარება იყო უშუალოდ ფაქტის მოხდენის შემდეგ შემთხვევის ადგილზე. მოწმემ დაასახელა კონფლიქტში მონაწილე პირების ასაკი და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან“ - განცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
ერთ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჟურნალისტებთან აცხადებს რომ დღევანელ პროცესზე ერთი ერთი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარის სტრატეგიაში აბსოლუტურად ჯდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული მოწმის ჩვენება ბრალდების მხარის პოზიციას ეწინააღმდეგება.
„მოწმის მიერ ფაქტის აღწერილობა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ აღწერილობას,
რასაც ფაქტის თვითმხილველი პირები აღწერენ“ - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
დღევანდელ სასამართლ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე, ექსპერტი, შემთხვევის ადგილზე მყოფი მანქანის მძღოლი და 51-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი დაიკითხნენ. შეგახსენებთ რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.