დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმის პროკურორ ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა.
„გამოკვლეულ იქნა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები. მათ შორის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელკეტი, რომლითაც დავით როსტომაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. ასევე სასამართლოზე გამოკვლელულ იქნა ცივი იარაღი - დანა, რომელიც ბრალდებულ ბექა კირვალიძის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული“ - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
პროკურორის განმარტებით, მისთვის კირვალიძის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოზე გახდა ცნობილი.
„სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ იქნა წერილობითი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ირკვეოდა, რომ ბრალდებული ბექა კირვალიძე პროტესტის ერთ-ერთ ფორმას, მსუბუქ შიმშილობას მიმართავს. სხვა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვფლობ“ - აცხადებს ქვარცხავა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბრალდებული კირვალიძე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, პროკურორი განმარტავს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა, რაც დღემდე გრძელდება. წარმოდგენილი და გამოკვლელული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ბექა კირვალიძემ ბრალად წარდგენილი ქმედება ნამდვილად ჩაიდინა. შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ ბრალდების და კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი“ - განაცხადა ქვარცხავამ.
შეგახსენებთ, რომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი. ბექა კირვალიძეს ბრალი წარდენილი აქვს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 238-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე. არტემ აგაჯანოვს ბრალი წარდგენილი აქვს 25-179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ზურაბ ქუთელიას კი ბრალი წარდგენილი აქვა 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.